"ნუ მაბრმავებ" - ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, ჟურნალისტების აქცია იმართება. აქციის მონაწილეები გუშინ, 8 ნოემბერს აქციის დარბევისას ჟურნალისტების დაშავების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მანიფესტით მიმართავენ.
მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ აქციის მთავარი მიზანია, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მეტად იყოს დაცული. როგორც მან აღნიშნა მათ მომხდარზე რეაგირებისთვის სმართალდამცველ ორგანოებს არა ერთხელ მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან მცდელობა შედეგს არ იღებს:
"ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანა არის, რომ არ დავტოვოთ ყურადღების გარეშე, არ დავტოვოთ რეაგირების გარეშე თითოეული ფაქტი, ამიტომ ყოველთვის მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, მაგრამ ძალიან კარგადაც ვხედავთ, რომ ეს ჩვენი მცდელობა არ იღებს შედეგს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ასევე მიმართავს საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, რომ ყველამ ერთად გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული და მეტად იყოს გარანტირებული ჟურნალისტების უსაფრთხო გარემო",-ამბობს ქორიძე.
გუშინ, 8 ნოემბერს ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.
პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტის აქციიდან მომავალი დანარჩენი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ სხვადასხვა ტელევიზიის, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტებიც.
თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.